ახალი ქართული მარშრუტი ალპებში
ახალი ქართული მარშრუტი ალპებში!
4 -19 ნოემბერს ალპებში განხორციელდა წარმატებული ქართული ექსპედიცია, რომელშიც მონაწილეობდნენ საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ნაკრების წევრები — გიორგი ტეფნაძე, თემურ ქურდიანი და ბაქარ გელაშვილი. უამინდობის ფონზე გამოინახა მოკლე ამინდის ფანჯარა, რომლის გამოყენებითაც განხორციელდა ასვლა საფრანგეთის ალპებში, შამონიში, მონბლანის მასივზე, კერძოდ Aiguille du Midi-ზე (ეგიუ-დიუ-მიდი).
ვინაიდან ზაფხულ-შემოდგომის სეზონი დასრულებული იყო და ზამთარი ჯერ სრულად არ იყო დამდგარი, მარშრუტების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდა, ხოლო საბაგიროები არ ფუნქციონირებდა. არსებული გარემოებების გათვალისწინებით, შამონიდან დანახულ მასივზე სახელდახელოდ შეირჩა მარშრუტი, რომელზეც საბოლოოდ განხორციელდა ასვლა. მარშრუტი აღმოჩნდა გაუვლელი, რის შედეგადაც შამონიში — ალპინიზმისა და სათხილამურო სპორტის მსოფლიო დედაქალაქში — დაემატა ახალი ქართული გზა.

