ალპინიადა ზესხოში
ალპინიადა ზესხოში — ალპინისტური მარშრუტების აღდგენა ლენტეხის მუნიციპალიტეტში
5-17 აგვისტოს, საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ორგანიზებით ზესხოს ხეობაში, ზესხოს ალპინისტური ბანაკის ბაზაზე ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობით ალპინიადა გაიმართა.
ღონისძიების მთავარი მიზანი ლენტეხის მუნიციპალიტეტში ალპინიზმის განვითარება-პოპულარიზაცია, დამწყები მთამსვლელებისთვის ალპინისტური უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება, ასევე, ზესხოს ხეობაში მრავალი წლის განმავლობაში გამოუყენებელი ალპინისტური მარშრუტების შესწავლა-აღდგენა იყო.
მონაწილეებმა გაწმინდეს და აღადგინეს ბილიკებისა და მარშრუტების ცალკეული მონაკვეთები, მოაწყვეს მდინარეზე გადასასვლელი ბოგირები და შეაფასეს არსებული მარშრუტების მდგომარეობა. პროგრამის ფარგლებში წარმატებით განხორციელდა ასვლა ორ მწვერვალზე — მაჩხაფარასა (1B) და მარჯანიშვილზე (2B) — ხოლო ნინოშვილის მწვერვალზე ასვლა ამინდის მკვეთრი გაუარესების გამო, უსაფრთხოების მიზნით, შეწყდა.
მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ზესხოს ხეობაში კვლავ განხორციელდა ალპინისტური აქტივობები, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის ამ ტერიტორიის სამთო-სათავგადასავლო მიმართულების შემდგომი განვითარებისთვის.
მადლობას ვუხდით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას ღონისძიების მხარდაჭერისა და ბანაკამდე მაღალი გამავლობის ტრანსპორტირების უზრუნველყოფისთვის, ასევე ყველა მონაწილეს გაწეული შრომისთვის!

