ალპინიადა 2025
საქართველოს მთამსვლელთა ფედერაციისა და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის ორგანიზებით 29.06 – 06.07 პერიოდში ჭაუხში სამთო-სათავგადასავლო ბანაკი – ალპინიადა გაიმართა, რომლის მიზანი ჯანმრთელი ცხოვრების წესის, მთის სიყვარულის, ბუნების პატივისცემისა და მთაზე ასვლის უნარების სწავლა და მთამსვლელობის პოპულარიზაციაა.
ღონისძიებას გ. ნიკოლაძის სახელობის ალპინისტური კლუბის ვიცე პრეზიდენტი ოთარ თათარაშვილი ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად ალპინიადის ინსტრუქტორები იყვნენ: გიორგი მაჭარაშვილი, ბაბუა ალუდაური, გიორგი მახარაძე, ნიკოლოზ თეთრაშვილი, შალვა თეთრაშვილი და ნინო (ნუცა) ცქიმანაური.
ალპინიადაში წამოსვლის სურვილი 120-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა, საიდანაც საბოლოოდ 50 მონაწილე შეირჩა.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ღონისძიება საკმაოდ პროდუქტიული და წარმატებული აღმოჩნდა. მის ფარგლებში 47 მონაწილე და 10 კლუბის მოწვეული წევრი ავიდა მწვერვალზე (გარდა ინსტრუქტორებისა). განხორციელდა სამი მარშრუტი, სამჯერ მწვერვალზე და ერთხელ უღელტეხილზე ასვლა, ჩატარდა ბუნებრივ კლდეზე ცოცვის, ძირითადი კვანძების და თოკთან მუშაობის თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. ჯგუფმა მიიღო თოვლიან და ზოგან ყინულოვან, გართულებული ამინდის პირობებში ასვლის, სწორი და დროული რისკების მართვისა და ჩაბმაში სიარულის პრაკტიკული გამოცდილება.
ღონისძიების ფარგლებში 15-მა კლუბის აქტიურმა წევრმა აიმაღლა კვალიფიკაცია, რაც მიზნად ისახავდა კლუბში ახალი ინსტრუქტორების მომზადებას.