ალპინიადა 2025-ის ოქტომბრის ბანაკი
საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის და გიორგი ნიკოლაძის სახელობის ალპური კლუბის მიერ 2025 წლის 12-19 ოქტომბრს სამთო-სათავგადასავლო ბანაკი – ალპინიადა გაიმართა. ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის, მთის სიყვარულის, ბუნების მოვლა-პატივისცემისა და მთაზე ასვლის უნარების დანერგვა იყო.
შემოდგომის ალპინიადის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიების ადგილად ხდის ხეობა და მისი მწვერვალები: ყურო და შინო, ან გორი და მწვერვალი საქართველოს ოლიმპიელი შეირჩა. თავდაპირველი გეგმის მიხედვით უპირატესობა ენიჭებოდა გორის ცირკში ასვლას და იქიდან ორ მწვერვალზე ასვლას, თუმცა 13 ოქტომბერს მოსულმა ნალექმა, თოვლით დაფარა აღნიშნული მწვერვალები, რაც შესამჩნევი იყო საბაზო ბანაკიდანაც. სწორედ ამის გამო მწვერვალ ყუროზე 1ბ კატეგორიის გზით ასვლა გადაწყდა, ხოლო თუ მეტეოროლოგიური პირობები და თოვლის საფარი სათანადო იქნებოდა, მწ. შინოზე ასვლა ან კიბის მყინვარისკენ ლაშქრობა იგეგმებოდა.
შერჩეული ჯგუფი თბილისიდან 12 ოქტომბერს დარიალის ხეობისკენ გაემგზავრა. ჯგუფის წევრები იმავე დღეს ფეხით ავიდნენ ე.წ. „უნივერსიტეტის საბანაკემდე“, სადაც ორი ღამე გაათენეს.
პირველ დღეს ბანაკი მოეწყო, მეორე დღეს კი საკვებისა და ინვენტარის ნაწილი, რომელიც ხეობის დასაწყისში იყო დატოვებული, ბანაკამდე აიტანეს. ჯგუფი მესამე დღეს გაემგზავრა მოწინავე ბანაკისკენ (“ყუროს საბანაკე”), მეოთხე დღეს კი დილის 5 საათსა და 20 წუთზე ჯგუფი მწვერვალ ყუროს მიმართულებით გავიდა. კლიმატური პირობები კარგი იყო, თუმცა მწვერვალზე ასვლის მომენტში ამინდი გაუარესდა, მოიღრუბლა და წვერი ნისლში გაეხვა. მონაწილეების ნაწილი, რომელიც შეუძლოდ გრძნობდა თავს, ზღვის დონიდან დაახლოებით 3800 მეტრზე მდებარე გადმოსახედთან ინსტრუქტორების (გიორგი მაჭარაშვილის და ანა ტატეოსიანის) ზედამხედველობის ქვეშ დარჩა, ნაწილმა კი სვლა განაგრძო მწვერვალისკენ. დაახლოებით 14:00 სთ-ზე ჯგუფმა მწვერვალ ყუროს (4071 მ.) მიაღწია, თუმცა მკვეთრად გაუარესებული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჯგუფს წერილის დატოვება გაუჭირდა და მალევე ნისლისა და მსუბუქი თოვის პირობებში უკან დაშვება მოუხდა. დაშვებისას გუნდი შეუერთდა 3800 მეტრზე მომლოდინე წევრებს და მშვიდობით დაბრუნდა ბანაკში.
მეხუთე დღეს დილით მოთოვა, ამასთან, 2 დღით ადრე მოსულმა ნალექმა შეუძლებელი გახადა დამწყები მონაწილეებით დათოვლილ შინოზე ასვლა. მონაწილეებს არ გააჩნდათ არც ცოდნა და არც შესაბამისი აღჭურვილობა. გადაწყდა საბაზო ბანაკში დაბრუნება.
მეექვსე დღეს ქვედა ბანაკში ჩატარდა თოკით მდინარის გადალახვის ვარჯიში და მოეწყო თოკის გამოყენებისა და კვანძების ლექცია და პრაქტიკული სწავლება. ალპინიადის მონაწილეების მიერ განხორციელდა ქვედა საბანაკის ტერიტორიის დასუფთავება. შეგროვდა მინისა და კონსერვის ქილების ნარჩენები, რამაც ჯამში 11 დიდი ტომარა შეადგინა. შეგროვებული ნაგვის დარიალის ხეობაში ჩამოტანა და სანაგვე ურნებში განთავსება მეორე დღეს მოხდა. მეშვიდე დღე ასევე ქვედა საბანაკეზე მონაწილეებს ბანაკის მიმდებარე კლდეებზე კლდეზე ცოცვის ვარჯიშები ჩაუტარდათ. მერვე დღეს ჯგუფი დარიალში ბრუნდება, საიდანაც უკვე ტრანსპორტით თბილისისკენ მიემართება.
ბანაკის მონაწილეები აქტიურად იყვნენ ჩართულნი ბანაკის მოწყობაში, ფუნქციონირებასა და საკვების მომზადებაში, რითაც მათ დამატებითი გამოცდილება მიიღეს.
ალპინიადას 3 გამოცდილი ინსტრუქტორი და 2 დამხმარე ინსტრუქტორი ხელმძღვანელობდა:
- ოთარ თათარაშვილი – ღონისძიების ხელმძღვანელი/ინსტრუქტორი
- გიორგი მაჭარაშვილი – ინსტრუქტორი
- გიორგი მირზაშვილ – ინსტრუქტორი
- ანა ტატეოსიანი – დამხმარე ინსტრუქტორი
- მარიამ გიორგაძე – დამხმარე ინსტრუქტორი
ღონისძიებაში სულ 38 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან 20 მონაწილე ავიდა მწვერვალზე (გარდა ინსტრუქტორებისა).
▪️ აღსანიშნავია, რომ მონაწილეთა შერჩევა შევსებული ანკეტებისა და შემდგომ გასაუბრების საფუძველზე განხორციელდა.

